ევროპარლამენტის წევრები, მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ საქართელოს პარლამენტმა ამ კანონპროექტის განხილვაზე უარი უნდა თქვას.
როგორც ევროპარლამენტარების განცხადებაშია აღნიშნული, ეჭვგარეშეა, რომ ახალი კანონის მიზანი, გამჭვირვალობის ხელშეწყობის სახელსაა ამოფარებული და არის იმ სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობის სტიგმატიზაცია და შეზღუდვა, რომლებიც უკვე დაძაბულ პირობებში მუშაობენ.
"გუშინ, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი. ამის გაკეთებით ჩვენმა ქართველმა კოლეგებმა დააიგნორეს კრიტიკა, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ და დასავლელმა პარტნიორებმა ერთხმად გამოთქვეს. ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებულები ამ ნაბიჯით, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების გაცხადებულ ამბიციას, მიიღონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.
ახალი კანონის ფარგლებში ინდივიდები, სამოქალაქო საზოგადოება, ორგანიზაციები და მედიასაშუალებები ვალდებულნი იქნებიან დარეგისტრირდნენ "უცხოელ აგენტებად" იუსტიციის სამინისტროში, თუ ისინი დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ. ეჭვგარეშეა, რომ ახალი კანონის მიზანი, გამჭვირვალობის ხელშეწყობის სახელსაა ამოფარებული და არის იმ სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციებისა და მედიის საქმიანობის სტიგმატიზაცია და შეზღუდვა, რომლებიც უკვე დაძაბულ პირობებში მუშაობენ.
როგორც ჩანს, ახალი კანონი შთაგონებულია უცხოური აგენტების შესახებ რუსეთის ბოროტული კანონით, რომელიც 2012 წელს მიიღეს, რამაც რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების და კრიტიკული საზოგადოებრივი აზრის ჩახშობა გამოიწვია. ეს აშკარად შეუსაბამოა ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებთან – კონკრეტულად მე-7 პუნქტთან მედიის თავისუფლებაზე და მე-10 პუნქტთან სამოქალაქო საზოგადოებაზე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გადაჭრას, თუ მათ ნამდვილად სურთ თავისი ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
ეს, შესაძლოა, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სამართლიანად აღნიშნა, არაკონსტიტუციურიც იყოს, იმის გათვალისწინებით, რომ ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, რაც კონსტიტუციაში 2017 წლიდან არის ასახული. ჩვენ მოვუწოდებთ, საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულონ აღებული ვალდებულება და 2022 წლის 17 ივნისს ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადზე პასუხად ევროკომისიის დასკვნაში განსაზღვრული 12 პუნქტი შეასრულონ და ასევე დაიცვან ქართველი ხალხის კონსტიტუციის მინიჭებული მშვიდობიანი პროტესტის უფლება. შესაბამისად, მე ასევე მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას ამ კანონპროექტზე", - წერია განცხადებაში.
***
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს შლიან, დაიწყეს მოქალაქეების ძალის გამოყენებით დაკავებებიც. სპეცრაზმმა საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ უკვე გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და წიწაკის სპრეი.
მანამდე შსს-მ განცხადება გაავრცელა და აქციის მონაწილეებს მოუწოდა, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შსს აცხადებს, რომ ამ ქმედებებს აღკვეთენ.
ქართულმა ოცნებამ 7 მარტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს დილის 09:30 საათიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები, რომლებიც რუსული კანონის განხილვას აპროტესტებდნენ. აქტივისტები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ცნობილი გახდა, რომ კანონს 9 მარტს განიხილავდნენ. თუმცა მამუკა მდინარაძის ინიციატივით, კანონი პლენარულ სხდომაზე ხუთშაბათის ნაცვლად გუშინვე განიხილეს.
განხილვის დაწყებისთანავე მოსახლეობა კვლავ პარლამენტთან შეიკრიბა. მას შემდეგ, რაც ოცნებამ, პირველი მოსმენით, რუსული კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა ტერიტორიაზე ვითარება გამწვავდა.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში სპეცრაზმი იყო მობილიზებული. ასევე, მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანა.
აქტივისტების რაოდენობის გაზრდის შემდეგ, პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზის გამოყენება დაიწყო, ასევე გაუშვა წყლის ჭავლი.
პროტესტის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაერთი განცხადება გაავრცელა და ირწმუნებოდა, რომ აქციაზე, სადაც მოქალაქეებს არბევდნენ, "პროპორციული ძალა გამოიყენეს".
ამ დროის მონაცემებით, ჯამში 76 მოქალაქეა დაკავებული, მათ შორის გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე. ადვოკატის ცნობით, ჯაფარიძე ნაცემია და ხელკეტების რტყმისგან დაზიანებები აქვს თავზე